ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთა უმეტესობა ევროკავშირის წევრი ან ასოცირებული ქვეყნების ორგანიზაციებს შორის კოლაბორაციას გულისხმობს. ჰორიზონტი ევროპის კონკურსების უმეტესობაში იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებსაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ფართოა და, თითქმის ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს. ინფორმაცია ორგანიზაციის არ დაშვების შესახებ მოცემული კონკურსის აღწერაში მკაფიოდ იქნება მითითებული. ევროკომისია განსაზღვრავს პარტნიორის მოძიების რამდენიმე ძირითად ინსტრუმენტს.
პარტნიორთა ძიების ინსტრუმენტები და პლატფორმები
1. დაფინანსებისა და ტენდერების (F&T) პორტალი
F&T პორტალის პარტნიორის ძიების ინსტრუმენტი პარტნიორთა მოძებნის შესაძლებლობას გვთავაზობს.
ძიების ფუნქციასთან წვდომა შესაძლებელია, როგორც ზოგადი პორტალიდან, ისე კონკრეტული კონკურსის გვერდიდან.
- ზოგადი ძიების ფუნქცია:
F&T პორტალზე How to Participate გრაფიდან ვირჩევთ Partner Search-ს.
გაიხსნება პარტნიორის ძიების გვერდი. ჰორიზონტი ევროპის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ორგანიზაციის, ასევე ინდივიდუალური მკვლევრების რეგისტრაცია.
- ინდივიდუალური პარტნიორი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში პარტნიორები, მათი ჩართულობის, საკვანძო სიტყვის, თემის ან წინა საკონკურსო წინადადებების მიხედვით იძებნება.
ონტერფეისის საშუალებით ინდივიდუალური პროფილი შეიძლება აფილირებული ორგანიზაციის პროფილთან დაკავშირდეს.
- ორგანიზაცია
ორგანიზაციები მონაცემების (როგორიცაა გეოგრაფიული გენფენის კრიტერიუმები), ტიპის (სახელმწიფო ან კერძო, უმაღლესი ან საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება, არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძო სექტორის მომგებიანი ორგანიზაცია, კვლევითი ორგანიზაცია, მცირე და საშუალო საწარმო), საკვანძო სიტყვების ან თუნდაც, მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდის (PIC) მიხედვით იძებნება. ორგანიზაციის პროფილი მოიცავს: ადრინდელი პროექტების ჩამონათვალს, რომლებშიც მან მონაწილეობა მიიღო; როლს, რომელიც მას პროექტში გააჩნდა (იყო კოორდინატორი, ბენეფიციარი თუ სხვ.); ორგანიზაციის ძირითად პარტნიორებს, რომლებთანაც ის თანამშრომლობდა. ორგანიზაციის რეგისტრაციის პლატფორმას „ორგანიზაციასთან დაკავშირების“ ფუნქციაც გააჩნია, რაც მაძიებელს, სხვა ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენელთან (LEAR - Legal Entity Appointed Representative), წერილის გაგზავნის საშუალებას აძლევს.
ორგანიზაციის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდის (PIC) მინიჭება არის. უნივერსიტეტების დიდ ნაწილს ამგვარი კოდი უკვე გააჩნია, თუ რომელიმეს ის ჯერ კიდევ არ აქვს - ვიწყებთ რეგისტრაციის პროცესს.
გარდა ამისა, მნიშნელოვანია იურიდიული პირის მიერ დანიშნული წარმომადგენლის (Legal Entity Appointed Representative, LEAR), იგივე ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ფუნქციების განსაზღვრა. ურიდიული პირის მიერ დანიშნული წარმომადგენელი (LEAR) არის ორგანიზაციის თანამშრომელი (ჩვეულებრივ, ადმინისტრაციული პერსონალი), რომელსაც ორგანიზაციის შესახებ პორტალში შენახული იურიდიული და ფინანსური ინფორმაციის შეცვლის, კორექტირების, რედაქტირების უფლებამოსილება გააჩნია. მას ოფიციალურად იურიდიული პირის კანონიერი წარმომადგენელი ნიშნავს, რათა ორგანიზაციის სახელით კონკრეტული ამოცანები შეასრულოს: მართოს ორგანიზაციის იურიდიული და ფინანსური ინფორმაცია მონაწილეთა პორტალზე, ბენეფიციართა რეესტრში; მიაწოდოს და განაახლოს ორგანიზაციის იმ პირთა სია, რომლებიც პროექტის იურიდიულ (LSIGN) ან ფინანსურ (FSIGN) ხელშეკრულებებსა და ანგარიშებზე ხელის მომწერი უფლებამოსილი პირები არიან. ურიდიული პირის მიერ დანიშნული წარმომადგენელი (LEAR), მონაწილეთა პორტალზე ორგანიზაციის დარეგისტრირების შემდეგ ინიშნება.
ორგანიზაციის ვალიდაცია - LEAR-ის ვალიდაციის წინაპირობაც არის.
- კონკრეტული კონკურსის პარტნიორი
პირველ რიგში, თქვენთვის სასურველი კონკურსი უნდა შეარჩიოთ. კონკურსების უმეტესობა კონსორციუმის შექმნას მოითხოვს. კონკურსის აღწერის გვერდის, პარტნიორის ძებნის (Partner Search) ველზე დაინტერესებული პარტნიორების ჩამონათვალს ვიხილავთ.
პარტნიორის მოძიება ორგვარი კონტრიბუციის შეტანის საშუალებას იძლევა, ესენია: ექსპერტიზის შეთავაზება ან ექსპერტიზის მოთხოვნა (თუ კონსორციუმი უკვე გვაქვს და ექსპერტს ვეძებთ).
რეკომენდაცია პარტნიორის ძებნის განაცხადის შესავსებად:
განაცხადისთვის 500 სიმბოლო არც თუ ისე ბევრია, ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად დაბალანსებული აღწერილობა გვქონდეს, რომელიც მოიცავს: ორგანიზაციის შესაძლო პოტენციალს; ზუსტად შერჩეული საკვანძო სიტყვებს. მნიშვნელოვანია, გამოკვეთილად ჩანდეს: უნიკალურობა და უპირატესობები; სპეციალიზებული აღჭურვილობა, რომელიც შესაძლებელია რომ პარტნიორისთვის ხელმისაწვდომი იყოს; კვლევისა და ინოვაციის სფეროში შეტანილი ინოვაციის ხარისხი. არსებითად, ამ აღწერილობამ მრავალრიცხოვანი პრეტენდენტებიდან თქვენი მკვეთრად გამორჩევა უნდა შეძლოს.
2. საწარმოთა ევროპის ქსელი (Enterprise Europe Network, EEN)
საწარმოთა ევროპის ქსელი ეხმარება ბიზნეს-ინოვაციების საერთაშორისო მასშტაბით ზრდაში. ეს არის საერთაშორისო ამბიციების მქონე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs) მსოფლიოში ყველაზე დიდი მხარდაჭერის ქსელი. ქსელი აქტიურია მთელ მსოფლიოში. იგი ბიზნესის მხარდაჭერით ცნობილი წევრი ორგანიზაციების ექსპერტებს აერთიანებს.
საწარმოთა ევროპის ქსელის წევრი ორგანიზაციები: ტექნოლოგიური გადამცემები, ინოვაციების მხარდამჭერები, უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები, რეგიონული განვითარების ორგანიზაციები, სავაჭრო-სამრეწველო პალატები.
ინდივიდუალური ბიზნესი - ქსელის წევრად ვერ იქცევა, თუმცა ის მრავალი სერვისით სარგებლობს.
საწარმოთა ევროპის ქსელი (EEN) წარმოადგენს ბიზნეს-მონაცემთა ბაზას, საიდანაც, გაფილტვრის ინსტრუმენტით (თანამშრომლობა/ერთობლივი განვითარება, კვლევა და განვითარება), პოტენციური პარტნიორების მოძებნა შესაძლებელია
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჰორიზონტი ევროპის ვებგვერდი.