2021 წლის 7 დეკემბერს ევროკომისარმ მარია გაბრიელმ და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციისა პროგრამასთან, „ჰორიზონტი ევროპა“ (2021-2027), ასოცირების სტატუსს ანიჭებს.
შეთანხმება ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან და ძალაში რჩება „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ყველა პროექტის, ქმედების, აქტივობებისა და მათი კომპონენტების დასრულებამდე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეთანხმებაზე ხელმოწერით იღებს ვალდებულებას ევროპული კვლევითი სივრცის პრინციპების დანერგვასა და დაცვაზე. ასევე, მას ეკისრება ფინანსური ვალდებულება პროგრამაში მონაწილეობისათვის. ასოცირების შედეგად ქართველ მკვლევრებს, ნოვატორებს და კვლევით ორგანიზაციებს შეუძლიათ ევროკავშირის 95.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროგრამაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან თანაბარი სტატუსით მიიღონ მონაწილეობა.
ევროკომისარმ მარია გაბრიელმა შემდეგი სიტყვებით აღნიშნა საქართველოს ასოცირება: - „ვულოცავ საქართველოს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მკვლევრებს, ნოვატორებს და კვლევით ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“. ეს ასოცირება სარგებელს მოუტანს არა მარტო ქართველ მეცნიერებს, ნოვატორებს და განათლების სექტორის წარმომადგენლებს, არამედ ევროკავშირს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებსაც, რომელთაც სურთ დინამიკურ და ინიციატივიან პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობა.
შეთანხმების სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: შეთანხმება