08დეკემბერი

ევროპული ინოვაციების საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი (EIC Forum) და სამიტი (EIC Summit)

2022 წლის 7-8 დეკემბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა ევროკომიის ევროპული ინოვაციების საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი (EIC Forum) და სამიტი (EIC Summit).

ოფიციალურ ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ზაზა მარუაშვილი, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიმართულების კოორდინატორი - ზვიად მიმინოშვილი და ევროპული ინოვაციების საბჭოსა და ევროპული ინოვაციების ეკოსისტემის ეროვნული საკონტაქტო პირი - ანა გოლეთიანი.

EIC ფორუმმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროკომისარი ინოვაციების, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში - მარია გაბრიელი, ევროპული კვლევების არეალისა (ERA) და ინოვაციების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ანა პანაგოპულუ და ევროპული ქვეყნების (საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი, იტალია, ავსტრია, მაკედონია, შვედეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ფინეთი და საქართველო) მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირები, განიხილა ინოვაციური რეგულირების განვითარება, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის შესაბამისობა ეროვნულ და ევროპულ დონეზე ევროკავშირის წევრ და მასთან ასოცირებულ ქვეყნებში.

პლენარულ სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას ზაზა მარუაშვილმა ისაუბრა ახლახან მიღებული საქართველოს მთავრობის სამოქმედო სტრატეგიული დოკუმენტის - ხედვა-2030-ის შესახებ, რომელშიც გათვალისწინებულია კვლევასა და ინოვაციებზე საბიუჯეტო სახსრების დაფინანსების გაზრდა 0.32%-დან 1,5%-მდე; ამ დოკუმენტის რეალიზაციის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ, აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიის შესახებ ღრმა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, კოლეგებს გააცნო ის გამოცდილება, რაც ქვეყანაში დაუგროვდა „ჰორიზონტი ევროპა“ ეროვნულ ოფისს, სიამაყით განაცხადა 14 საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მხრიდან. მან ისაუბრა იმერეთის რეგიონში  ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოკვეთილი სმარტ სპეციალიზაციების შესახებ, „ჭკვიანი ქალაქების“ მოდელის ამოქმედების გარდაუვალ აუცილებლობაზე, დაანონსა, ახლო მომავალში, სენაკში ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისის გახსნის შესაძლებლობა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კვლევისა და ინოვაციების სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ერთიანი უნიფიცირებული მეთოდოლოგია არ არსებობს, რაც მონაცემებს ზოგჯერ არასანდოს ხდის.

ევროპელი კოლეგების მიერ გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსთან სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით.

EIC სამიტმა გააერთიანა მკვლევარები, ინვესტორები, კანონმდებლები და კონსორციუმები, რომლებიც ევროპის მასშტაბით ინოვაციების დარგში მოღვაწეობენ. გამოვლინდნენ ევროკომიის 3 ნომინაციის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: ევროპის ინოვაციების დედაქალაქი (iCapital);  ევროპის ინოვატორი ქალი და ევროპული ინოვაციების შესყიდვების ჯილდო (EUIPA).

                                    

ევროპული ინოვაციების საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი (EIC Forum) და სამიტი (EIC Summit)