“NEB4All” საერთაშორისო ტრენინგი
2026 წლის 26 მარტს, პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა” მიერ დაფინანსებული პროექტის - “NEB4All” - ფარგლებში, რომლის ბენეფიციარია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გაიმართა საერთაშორისო ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ევროპული ბაუჰაუსის (NEB) ინიციატივების წარმოჩენას, არსებული პროექტების ანალიზსა და ეროვნული საკონტაქტო პირების (NCPs) თანამშრომლობის გაღრმავებას.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პოლონეთის კვლევითი ქსელის- Łukasiewicz Research Network-ის მიერ და მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, ავსტრია, კვიპროსი, რუმინეთი, ესპანეთი) პრაქტიკული ქეისების წარდგენასა და დისკუსიას მონაწილეებთან.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო „ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის ახალი ევროპული ბაუჰაუსის მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა - ანა გოლეთიანმა, რომელმაც წარადგინა საქართველოს გამოცდილება NEB პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის ჭრილში და ხაზი გაუსვა კერძო სექტორის მნიშვნელოვან როლს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესში.
ტრენინგის პრაქტიკული ქეისების სერია გაიხსნა საქართველოს პროექტის წარდგენით - არქიტექტურულ კომპანიას MUA, როგორც საუკეთესო პრაქტიკის განმახორციელებელ მაგალითს, რომლის საქმიანობა ეფუძნება გარემოსთან ჰარმონიულ ურთიერთობას, ინოვაციურ ხედვასა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ სივრცით გადაწყვეტებს, განსაკუთრებული ინტერესით მოუსმინეს.
MUA-ს დამფუძნებელმა, დევი ქიტუაშვილმა, მონაწილეებს გააცნო პროექტი „ფაბრიკა“, რომელიც წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიული შენობის წარმატებულ ტრანსფორმაციას მრავალფუნქციურ ურბანულ ჰაბად. იგი აერთიანებს კულტურულ, საგანმანათლებლო, სამუშაო და სოციალურ სივრცეებს — მათ შორის კრეატიულ სტუდიებს, საგამოფენო და ღონისძიების პავილიონებს, ოფისებსა და საზოგადოებრივ ზონებს.
პრეზენტაციამ მაღალი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო აუდიტორიაში და გამოითქვა სურვილი, რომ კომპანიის MUA გამოცდილება ყოფილი ინდუსტრიული სივრცეების ტრანსფორმაციის შესახებ, გამოქვეყნდეს ახალი ევროპული ბაუჰაუსის (NEB) ვებ-გვერდზე.
ჩატარებულმა ღონისძიებამ წარმოაჩინა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული NEB ინიციატივებში და წარმატებით იზიარებს და ავითარებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.






