ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასათვის“ (NEB4All) - საფლაგმანო ღონისძიება
2025 წლის 30 და 31 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასათვის“ (NEB4All) - საფლაგმანო ღონისძიება გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, აგრეთვე ტვინინგის, მენტორინგისა და ერთობლივი ინიციატივების საშუალებით 22 პარტნიორი ქვეყნის ეროვნული საკონტაქტო პირის გაძლიერებასა და მხარდაჭერას — პროფესიონალების, რომლებსაც აერთიანებთ ახალი ევროპული ბაუჰაუსის ძირითადი ღირებულებები: სილამაზე, მდგრადობა და ინკლუზიურობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, როგორც პროექტის ბენეფიციარი ორგანიზაცია, ხელმძღვანელობს ამოცანას „მენტორინგი და ტვინინგი”.
შეკრების პირველ დღეს მონაწილეებმა დაათვალიერეს თბილისის ისტორიული უბნები და „გუდიაშვილის მოედანი“, ჩაერთნენ ინსპირაციულ არქიტექტურულ ტურებში, მათ შორის ყავის კაფსულების მწარმოებელ ქარხანაში „მეამა” (Meama Coffee Factory), რომელიც წარმოების მაღალი ხარისხითა და დიზაინის ჰარმონიით გამოირჩევა; გაეცნენ კომპანიის თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს.
31 ოქტომბრის ოფიციალური პროგრამა მოიცავდა გახსნის ცერემონიალს, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ელენა მონტანი, ევროკომისიის „ახალი ევროპული ბაუჰაუსის” განყოფილების ხელმძღვანელი (ბელგია), დოქტორი სტეფან როთი (FZJ GmbH), NEB4All პროექტის კოორდინატორი (გერმანია).
ღონისძიებას უძღვებოდა ახალი ევროპული ბაუჰაუსის მიმართულების ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში - ანა გოლეთიანი.
გაიმართა დისკუსია „საქართველოს მშვენიერი ტრანსფორმაცია არქიტექტურისა და დიზაინის გზით“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოღვაწე წამყვანმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა. დღის მეორე ნახევარი დაეთმო World Café-სა და მენტორინგის სესიებს, სადაც NEB4All პარტნიორებმა და საქართველოს მონაწილეებმა იმსჯელეს ინოვაციურ იდეებსა და მომავალ თანამშრომლობაზე.






