"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
17 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღე გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა აკადემიური და კვლევითი საზოგადოებისათვის 2026 წლის პრიორიტეტული მიმართულებების გაცნობას.
შეხვედრა გახსნა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა. მან ხაზი გაუსვა იმ პრაქტიკულ მხარდაჭერას, რომელსაც ეროვნული ოფისი ქართველ მკვლევრებსა და მეცნიერებს საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში სთავაზობს.
ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ანა გოლეთიანმა ისაუბრა დაფინანსების მექანიზმებზე, რომლებიც ორიენტირებულია ინოვაციური იდეების განვითარებასა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე. უნივერსიტეტის აკადემიური და ინოვაციური სფეროს წარმომადგენლებს მან ასევე გააცნო „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ ინიციატივა, რომელიც აერთიანებს მდგრადობას, ესთეტიკასა და ინკლუზიურობას და ხელს უწყობს ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მაკა ჟორჟოლიანმა, დეტალურად მიმოიხილა მე-5 კლასტერის - კლიმატი, ენერგია და მობილობა - 2026 წლის პრიორიტეტები. პრეზენტაცია დაეთმო ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ინოვაციური გზები, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა, ასევე ჭკვიანი და სუფთა სატრანსპორტო სისტემების განვითარება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითზებზე.






