"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ბიზნეს სექტორისთვის
„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia) ინოვაციების კომიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა „ჰორიზონტი ევროპა“-ს საინფორმაციო დღე ბიზნეს კომპანიებისთვის, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) უმასპინძლა.
დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:
• მარიამ ქუჩულორიამ — ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) აღმასრულებელმა დირექტორმა;
• თორნიკე ჯობავამ — საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილემ;
• ლევან ხეცურიანმა — „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ბიზნეს სექტორისთვის არსებული დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობას ევროპის ინოვაციების საბჭოსა (EIC) და ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (EIT) მიმართულებით, რომელსაც პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირი, ანა გოლეთიანი, უძღვებოდა.
EIC-ის კონკურსის - „პრე აქსელერატორი“ - პირველმა ბენეფიციარმა საქართველოდან, კომპანიის „Biotron Energy“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, დამსწრეებს გაუზიარა პერსონალური გამოცდილება და აპლიკაციის მომზადების პროცესის ძირითადი გამოწვევები.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ (New European Bauhaus) ფარგლებში არსებული საგრანტო შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.
ჯულია შვარცის — EBA-ს ინოვაციების კომიტეტის თავმჯდომარის— მოდერაციით გაიმართა დისკუსია ინოვაციების ეკოსისტემის გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე.
შეხვედრა დასრულდა ნეთვორქინგის სესიით, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალო კავშირი დაემყარებინათ პრეზენტატორებთან და ინოვაციების სფეროს ექსპერტებთან.






