02ივნისი

საშუამავლო ღონისძიება - Net4Society Matchmaking Event for 2026 Cluster 2 calls - ვიკა ქარდავა

NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტის ფარგლებში, რომელსაც გასცემს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ვიკა ქარდავა მონაწილეობდა 2026 წლის 1–2 ივნისს, პარიზში გამართულ Horizon Europe-ის Cluster 2-ის საერთაშორისო საბროკერო ღონისძიებაში.

ვიკა ქარდავამ საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის კვლევითი და ინსტიტუციური პოტენციალი, საერთაშორისო გამოცდილება და ხედვა Horizon Europe-ის 2026 წლის კონკურსებში მონაწილეობის შესახებ.

პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც დევნილი უნივერსიტეტის, უნიკალურ გამოცდილებაზე, მშვიდობის მშენებლობის, პოსტკონფლიქტური ტრანსფორმაციის, დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, მედია და ციფრული წიგნიერების, კულტურული მემკვიდრეობისა და სოციალური ინოვაციების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო ინიციატივებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის, კვლევითი ცენტრისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობისა და Horizon Europe-ის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

ღონისძიებაში მონაწილეობამ და უნივერსიტეტის პრეზენტაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, ახალი პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბებასა და მომავალი თანამშრომლობების განვითარებას.

საშუამავლო ღონისძიება - Net4Society Matchmaking Event for 2026 Cluster 2 calls - ვიკა ქარდავა