11 თებერვალი — მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ასევე, ღონისძიება აღინიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაშიც.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 10 წარმატებული ქალი მეცნიერი და მოსწავლე-გამომგონებელი გოგონა დააჯილდოვეს. მათ შორის არიან ჰორიზონტი ევროპას ეროვნული საკონტაქტო პირები — ანა გოლეთიანი-ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ეკატერინე სანაია-ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელთაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევებით წვლილი შეიტანეს ქიმიისა და ფიზიკის დარგების განვითარებაში.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია მეცნიერებით დაინტერესებული ქალების ხელშეწყობა და მათი როლის გაძლიერება მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში.
