AI კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
2025 წლის 2–3 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ეროვნული ოფისის „ჰორიზონტი ევროპა“ ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა.“ ღონისძიება თანაორგანიზებული იყო საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ ეროვნული ოფისის მიერ.
კონფერენცია გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში და გააერთიანა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და ინოვატორები ევროპის ქვეყნებიდან და საქართველოდან. მთავარი მიზანი გახლდათ ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული და სტრატეგიული გავლენის განხილვა განათლების სისტემებზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციურ განვითარებაზე.
მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი; გივი მიქანაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი; მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი; ქეთევან ქოქრაშვილი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლევან ხეცურიანი, საქართველოში „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი; იან ალექსანდერსენი - გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (DFKI); ანდრეი გირენკო - გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (DFKI); ვლადიმირ ნოროვი - აზიის ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თავმჯდომარე;
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო უნივერსიტეტების სტრატეგიული ხედვების განხილვას, საერთაშორისო ექსპერტების მოხსენებებს, მიმდინარე პროექტების პრეზენტაციასა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშებს. მეორე დღე მიეძღვნა ადგილობრივი კვლევებისა და ინოვაციების წარდგენას, რაც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
