ჰორიზონტი ევროპა ,,Enabling PV'' ფორუმზე: მზის ენერგიისა და განახლებადი ინოვაციების პლატფორმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
2024 წლის 3 და 4 ოქტომბერს, თბილისში, ევროპის განახლებადი ენერგიის ასოციაციამ „EUROSOLAR საქართველო“ უმასპინძლა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველ “Enabling PV“ ფორუმს, რომელმაც მზის ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი განვითარების გარშემო განახლებადი ენერგეტიკის სექტორის მონაწილეები გააერთიანა.
ღონისძიების მიზანი იყო ცოდნის გაზიარების, ქსელის გაფართოებისა და თანამშრომლობითი დიალოგის ხელშეწყობა, განსაკუთრებული აქცენტით ფოტოელექტრო (PV) ტექნოლოგიებზე.
პანელურ დისკუსიებში „უნივერსიტეტების როლი რეგიონში მზის ენერგიის ინდუსტრიის განვითარებაში“ და „ერთობლივი ინიციატივები მწვანე ენერგიაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად“ აუდიტორიის წინაშე წარდგნენ „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ეროვნული საკონტაქტო პირები - ანა გოლეთიანი და მაკა ჟორჟოლიანი, რომლებმაც ისაუბრეს როგორც პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსების შესახებ, ასევე იმ სერვისებსა და ხელშეწყობის ღონისძიებებზე, რომელთაც საქართველოს ეროვნული ოფისი აკადემიურ სექტორსა და ბიზნესს სთავაზობს.