"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
5 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღე გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა, უნივერსიტეტის აკადემიური და ინოვაციური სფეროს წარმომადგენლებს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობები გაცნეს.
ანა გოლეთიანმა ისაუბრა ინოვაციური იდეების განვითარებისა და კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, პროგრამის მესამე სვეტის ფარგლებში. აუდიტორიას მან ასევე გააცნო „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ ინიციატივა, რომელიც აერთიანებს მდგრადობას, ესთეტიკასა და ინკლუზიურობას და ხელს უწყობს ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
ნინო როდონაიამ წარმოადგინა WIDERA-ს მიმართულება. WIDERA წარმოადგენს „ჰორიზონტი ევროპას“ ჰორიზონტალურ სვეტს, რომელიც ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: მონაწილეობის გაფართოება (Widening) და ბრწყინვალების გავრცელება და ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) გაძლიერება ევროპული კვლევისა და ინოვაციების სისტემის რეფორმირებისა და სრულყოფის გზით. WIDERA ჩაშენებულია „ჰორიზონტი ევროპას“ სხვა სვეტებში და ძირითადად გვთავაზობს კოორდინაციისა და მხარდაჭერის ტიპის პროექტებს. გაფართოების (Widening) მიმართულებაში კონსორციუმის ფორმირებისას კოორდინატორად აუცილებლად მოიაზრება გაფართოების ქვეყნები და მიზნად ისახავს ამ ქვეყნების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას, ტალანტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნასა და ERA-ს პრინციპების გავრცელებას.
თეონა მაისურაძემ წარმოადგინა მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობები. მარი კიურის მიმართულებები „ჰორიზონტი ევროპას“ პირველ სვეტს მიეკუთვნება. პოსტსადოქტორო კვლევები ემსახურება მკვლევართა კვლევითი უნარების განვითარებას, პროფესიული კავშირების დამყარებასა და მათი კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას. მარი სკლადოვსკა-კიურის სადოქტორო ქსელების აქტივობები ინსტიტუციებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ერთობლივი სადოქტორო პროგრამები, ხოლო თანამშრომელთა გაცვლის პროგრამა კონსორციუმში ჩართულ წევრებს ეხმარება კვლევითი პოტენციალის განვითარებაში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით. დამატებითი მიმართულებები კი მიზნად ისახავს ევროპის, როგორც მიმზიდველი საკვლევი სივრცის წარმოჩენასა და მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში.
შორენა ბერიძემ წარმოადგინა სამართლებრივი და ფინანსური საკითხები. დაფინანსების ზოგად საკითხებთან ერთად პრეზენტაცია დაეთმო საგრანტო ხელშეკრულების სამ ძირითად მოდელსა და ბიუჯეტირების შესაბამის პრინციპებს.
დაფინანსების ახალი შესაძლებლობების გაცნობა ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო კვლევით და ინოვაციურ პროექტებში.






